მმართველი გუნდი იმ საჩივარზე საუბრობს, რომელიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა. თეა წულუკიანი ოჯახის წევრებთან ერთად ჟურნალისტს ცილისწამებისთვის ადანაშაულებს. საუბარია ჟორჟოლიანის Facebook სტატუსზე - სახელწოდებით, "წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი". კომისიის ხელმძღვანელი წერს, რომ დასახელებული პირებიდან 15 ადამიანი დღესაც ცოცხალია, ერთი პირი მამის სიკვდილის შემდეგ გარდაიცვალა, ზოგი კი მას შემდეგ, რაც საქართველომ სიკვდილით დასჯა გააუქმა.
ნანუკა ჟორჟოლიანი "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მამის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის პირველწყარო არ არის და აქცენტს საჯარო ინფორმაციაზე აკეთებს.
თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთმა ნაწილმა დღეს საუბარი არ ისურვა. მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ჟორჟოლიანი პოლიტიკური აქტივობების გამო, პოლიტიკური სამიზნეა.
ცილისწამება, ადამიანების შეურაცხყოფა, ბულინგი მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. საპარლამენტო უმრავლესობაში სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც, მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეზე გადადის.
თეა წულუკიანმა სასამართლოს გუშინ მიმართა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
ავტორი: ნანა გოგატაძე