დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობა, ხელისუფლების შეცვლა და შედეგად, საქართველოს ომში ჩართვა - სწორედ ამ თანმიმდევრობით სურს გლობალური ძალებს გეგმის განვითარება, რაზეც "ქართული ოცნება" საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ბრიუსელის ღია მუქარების უკან, Deep state-ის ფარული მიზნები დგას. ამის შესახებ კი საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რათა არ აყვეს იმ პროვოკაციებს, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.
მმართველი გუნდი ბრიუსელის მხრიდან გეოპოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევ შანტაჟზე მიუთითებს, მათი ოპონენტები კი სამართლიან მიდგომასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ არც ომში ჩართვის საფრთხე არსებობს, და არც გლობალური ჩრდილოვანი მმართველობა.
ოპონენტებს, "ქართული ოცნება" კონკრეტული მაღალჩინოსნების მოწოდებებსაც ახსენებს და დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებასაც - Deep state-ის დამარცხების შესახებ.
უმრავლესობის თქმით, სწორედ გლობალურ ომის პარტიასთან არიან კოორდინაციაში ევრო-ბიუროკრატები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ოპოზიციური ძალებით "ქართული ოცნების" ხელისუფლების ჩანაცვლებისთვის. მმართველი გუნდის განცხადებით, ომში ჩართვის მიზანი რომ უცვლელი და კიდევ უფრო გამძაფრებულია, ამას მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებიც ადასტურებს.
ხელისუფლება მხარს უჭერს ნებისმიერ ჯანსაღ რეკომენდაციას, თუმცა არა ისეთს, რომელიც ქვეყნის მშვიდობასა და სტაბილურობას შეარყევს - ამაზე პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინდელ ბრიფინგზე ისაუბრა.
სწორედ ირაკლი კობახიძემ, როგორც პარტიის თავმჯდომარე წარადგინა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით უცხოელი აქტორების გააქტიურების მიზეზებს შეეხება.