"ქართული ოცნება" ევროკავშირის მოთხოვნას შანტაჟს უწოდებს. საუბარია იმ რვა რეკომენდაციაზე, რომელიც ბრიუსელმა თბილისს გამოუგზავნა, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი უვიზო რეჟიმის შეჩერება დააანონსა. ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოსგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე ელოდება. თბილისი კი არგუმენტებს ითხოვს. მმართველი გუნდი სვამს კითხვას - რა კავშირშია ვიზალიბერალიზაციის საკითხი, ოჯახური ღირებულებების დაცვის და გამჭვირვალობის კანონებთან?
ოპოზიციაში კი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი ვალდებულია იმ ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე ჰქონდეს რეაგირება, რასაც მათი თქმით, "ქართული ოცნება" აგრძელებს:
"რეალურად, ისინი უკვე საკუთარ ამომრჩეველსაც ვეღარ უხსნიან თუ რატომ კარგავენ უვიზოს, ამიტომ გადასულები არიან ცილისწამებაზე. ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა, ცდილობენ რომ ყველა ტიპის კანონი, რომელიც ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქციონ დრაკონულ კანონებთან. ევროკავშირი ვალდებულია იმ ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე, რასაც "ქართული ოცნება" აგრძელებს, რეაგირება ჰქონდეს,"- აცხადებს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი თამარ კეკენაძე.