21 აგვისტო 2026,   14:07
ვრცლად
ცხრილები, რომლებიც მოლდოვის ეკონომიკურ სტაგნაციას აჩვენებს - შალვა პაპუაშვილის თქმით, მაჩვენებლების მიუხედავად, მოლდოვას ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებებს უხსნიან, საქართველო კი ამ დრომდე უსამართლო თავდასხმის ობიექტად რჩება

საქართველო-მოლდოვის ეკონომიკური პარამეტრების შედარება და ცხრილები, რომლებიც მოლდოვის ეკონომიკურ სტაგნაციას აჩვენებს - პარლამენტის თავმჯდომარემ, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, მოლდოვასთან შედარებით საქართველოს უპირატესობაზე სოციალურ ქსელში ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოს ბიუჯეტმა მოლდოვის ბიუჯეტს 4,8 მილიარდი დოლარით გადააჭარბა, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტებს შორის სხვაობა ამ მოკლე პერიოდში, ორჯერ გაიზარდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ მაჩვენებლების მიუხედავად, მოლდოვას ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებებს უხსნიან, საქართველო კი ამ დრომდე უსამართლო თავდასხმის ობიექტად რჩება.

საქართველო მოლდოვას შორის რაიმე ფორმით პარალელის გავლება მიუღებელია მმართველი გუნდისთვის, სადაც ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა მოლდოვას ყველა პარამეტრით უსწრებს. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს შესახებ ობიექტურ მოცემულობაზე ევროპული ბიუროკრატია მიზანმიმართულად არ საუბრობს.

მმართველი გუნდის ოპონენტები სახელისუფლებო პარტიას ევროპელი პარტნიორების დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ და აქცენტს დემოკრატიის ხარისხის გაუარესებაზე აკეთებენ.

სწორედ, დემოკრატიის კუთხით არსებული პრობლემების მაჩვენებელია პრემიერ - მინისტრისთვის მოლდოვაში ეკონომიკური ზრდის დაბალი ინტენსივობა. ირაკლი კობახიძე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური მაჩვენებლების განსხვავებაზე საუბრობს. ბოლო 4 წელიწადში, საქართველოს ეკონომიკა მოლდოვასთან შედარებით 11.1 მილიარდი დოლარით გაიზარდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ფაქტი, რომ ევროპიდან შენიშვნები მხოლოდ საქართველოს მისამართით ისმის, კონკრეტულ მიზანს ემსახურება.

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებზე დაყრდნობით, ერთ-ერთმა ონლაინ მედიამ რამდენიმე დღის წინ, ის პარამეტრები გამოაქვეყნა, რომელიც მოლდოვის ეკონომიკაში არსებულ გაუარესებულ ტენდენციებს ასახავს. გამოცემის ცნობით, 2024 წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელმა 33,6 პროცენტს მიაღწია. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ კი მხოლოდ 0,1 პროცენტი შეადგინა.

დღის ამბები