09 აგვისტო 2026,   21:48
ვრცლად
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა
 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. უწყებრივი მედალი -  „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 30 წელი სამსახურისათვის“ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს გადაეცათ. მათ შორის არიან გენერლები, ოფიცრები, სერჟანტები და სამოქალაქო პირები.

უწყებრივი მედლები სამხედროებს, რომლებიც სამი ათეული წელია საქართველოს ემსახურებიან, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადასცა. მინისტრმა მათ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ჩიქოვანმა საკუთარ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის წინაშე სამხედროების მრავალწლიანი ღირსეული სამსახური და დამსახურება. უწყებრივი  მედლები სამხედრო მოსამსახურეებს ასევე გადასცა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა. 

ღონისძიებაზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

მედლით - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 30 წელი სამსახურისთვის“ თავდაცვის მინისტრის მიერ ჯილდოვდებიან თავდაცვის უწყების მოსამსახურეები, რომლებმაც ღირსეულად იმსახურეს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში 30 წელი და სამსახურის პერიოდში, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში.

დღის ამბები