20 ივნისი 2026,   22:22
ვრცლად
ისრაელმა სირიის სახელმწიფო უწყებებს შეუტია - რით ხსნის ნეთანიაჰუს ომის კაბინეტი საჰაერო იერიშებს

აფეთქება, რომელიც სირიული მედიის პირდაპირ ეთერშიც მოხვდა, დამასკოს ცენტრში ისრაელის თავდაცვის ძალების იერიშს მოჰყვა. აჰმედ ალ-შარაას ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სახელმწიფო უწყებებს "ცაჰალმა" დღეს შეუტია.

მთავარი სამიზნე სირიის დედაქალაქში პრეზიდენტის სასახლის, თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის შენობები იყო. სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე, სირიის ტერიტორიაზე დაგეგმილ სპეციალურ სამხედრო ღონისძიებებზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

მიმდინარე მოვლენების ფონზე საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა სირიის მთავრობამაც და ისრაელის მხრიდან განხორციელებული დარტყმები დაგმო.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფრონტაციის ახალ კერაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც. მარკო რუბიოს განმარტებით, ვაშინგტონი დამასკოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია.

დრუზები, რომელთა დაცვის მოტივითაც "ცაჰალმა" დამასკოს შეუტია, სირიაში სუვაიდის პროვინციაში ცხოვრობენ. ისინი მოსახლეობის 90%-ს შეადგენენ, ახალ მთავრობაში მათი წარმომადგენლობის სიმცირით და ახალი ხელისუფლებით უკმაყოფილოები არიან.

ალ-შარაას ხელისუფლებამ განვითარებული მოვლენების ფონზე რეგიონში საკუთარი ძალები შეიყვანა, რამაც ფართომასშტაბიანი შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვია.

 

ავტორი: ლუკა ჩანგელია

დღის ამბები