19 აგვისტო 2026,   10:03
ვრცლად
წამება, დანით დასახიჩრება, მუქარა, შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ტერორი - 15 წლის ბიჭზე ძალადობის უმძიმესი ამბავი - "კურიერი P.S.-ის" მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, როგორ სცემენ არასრულწლოვანს

თბილისის ცენტრში, ერთ-ერთი მიტოვებული შენობა - სწორედ აქ გაუსწორდნენ სასტიკად 15 წლის მოზარდს ფაშისტური დაჯგუფების წევრები. "კურიერი P.S.-ის" მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, როგორ სცემენ წიხლებით და ხელკეტებით არასრულწლოვან ბიჭს, მას დანით თითქმის მთელი სხეული დაუსერეს, დაემუქრნენ ცეცხლსასროლი იარაღით და მთელი პროცესი ტელეფონით გადაიღეს. ახლა ეს ჩანაწერი მათ წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა.

300 არაგველის მიმდებარედ, ყოფილი აბანოების შენობა დანაშაულის ადგილად მას შემდეგ იქცა, რაც ფაშისტური ორგანიზაციის წევრებს სოციალურ ქსელში 15 წლის ბიჭის კომენტარი არ მოეწონათ. მოზარდი მოტყუებით, რომანტიკულ შეხვედრაზე დაჯგუფების წევრმა გოგონამ დაიბარა და მალევე, მიტოვებული შენობისკენ წასვლა სთხოვა. აქ არასრულწლოვანს იარაღით, დანებით და ხელკეტებით შვიდი მოზარდი ელოდა. ისინი ბიჭს სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარის გამო ბოდიში მოახდევინეს. პროცესს დაჯგუფების ლიდერი დისტანციურად ადევნებდა თვალს. კადრები იმდენად მძიმე სანახავია, რომ "კურიერი P.S.-ი" ჩანაწერს სრულად არ ასაჯაროებს.

ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატი დანაშაულის სიმძიმეს ადასტურებს, თუმცა სურს, რომ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოთი გათავისუფლდეს. ამჟამად ყველა ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"კურიერი P.S.-ი" საქმის კიდევ ორი ფიგურანტის ადვოკატს ესაუბრა. უფლებადამცველი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ წინასწარი პატიმრობის შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი 30 წლის ლევან აბესაძეა. ის დანაშაულს არ აღიარებს. "კურიერი P.S-ი" ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. ოჯახი კამერების წინ არ ჩნდება, მეზობლები კი ადასტურებენ, რომ მამაკაცი ამ საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. ადგილზე ჩატარდა ჩხრეკაც, რა დროსაც ამოღებულია დანები, ე.წ. კასტეტები, პნევმატიკური იარაღი და სხვადასხვა ფაშისტური სიმბოლიკა.

ლევან აბესაძის სახელი "რუსთავი2-ის" არქივში აღმოვაჩინეთ. მამაკაცი "კურიერის" ეთერში ასევე ძალადობრივი დანაშაულით მოხვდა. 2015 წელს, დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად თბილისის ცენტრში უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავს დაესხა. ქსენოფობიით მოტივირებული ამ დანაშაულისთვის აბესაძე სასჯელს ერთხელ უკვე იხდიდა.

მიტოვებული შენობა, სადაც 15 წლის მოზარდი აწამეს, როგორც ჩანს, ფაშისტური დაჯგუფების თავშეყრის მთავარი ადგილია. "კურიერი P.S.-ის" კამერამ ადგილზე დააფიქსირა სავარაუდოდ ნაძარცვი ნივთები, ფსიქოტროპული მედიკამენტები, ასევე კედლებზე გამოსახული ფაშისტური და ძალადობრივი სიმბოლოები. მოვიპოვეთ დახურული ჩათის მიმოწერაც, რომელიც მიუთითებს, რომ 15 წლის მოზარდი ერთადერთი მსხვერპლი არ ყოფილა. დაჯგუფების წევრებმა, სავარაუდოდ იგივე მეთოდით, ბოდიშის მოხდა კიდევ ერთ არასრულწლოვანს აიძულეს.

პროკურორი "კურიერი P.S.-თან"ადასტურებს, რომ გამოძიების პროცესში აღმოჩენილია მტკიცებულებები, რომელიც დამატებით სხვა დანაშაულზე მიუთითებს. გავარკვიეთ, რომ საუბარია ასევე ვიდეო ჩანაწერებზე, სადაც სავარაუდოდ კიდევ ერთ მოზარდზე ანგარიშსწორებაა ასახული. ის, რომ დაჯგუფების წევრები სხვა პირებზეც ძალაობდნენ ამას ერთი უმნიშვნელო დეტალიც ადასტურებს - ფაშისტური ორგანიზაციის წესდებით, ის ვინც სისხლს ერთხელ მაინც დაღვრის, ფეხსაცმელზე წითელი ფერის თასმა უნდა გაიკეთოს. 15 წლის მოზარდზე თავდამსხმელთა უმეტესობა სწორედ წითელი თასმებით გადაადგილდება.

დაზარალებული მოზარდი ახლაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მაქსიმალურ სასჯელს მოითხოვს პროკურატურაც.

15 წლის ბიჭის დამცირების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ბრალდებით 9 პირი, მათ შორის, შვიდი არასრულწლოვანი ახლა წინასწარ პატიმრობაშია. შესაძლოა ბრალდებულთა წრე კიდევ გაიზარდოს.

დღის ამბები