ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციამდე 5 დღით ადრე, "ლელოს" და პარტიას "გახარია საქართველოსთვის", პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ. თან აფრთხილებენ, რომ საერთო ოპოზიციური გზიდან გადახვევა ძვირი დაუჯდებათ. ოპონენტებად ქცეული კოლეგები ახლა ერთმანეთს მხოლოდ ბრალდებებით ესაუბრებიან და განსხვავებულ ბრძოლის სტრატეგიებსაც უწუნებენ.
ბრალდებებს დუმილით პასუხობს "ლელო", სადაც მიიჩნევენ, რომ ერთ დროს ერთი მაგიდის ირგვლივ მსხდარი ოპოზიციის დაპირისპირება ყველასთვის დამაზიანებელია. ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდში ამბობენ, რომ ერთობის ნაცვლად, დიდ კომპრომისზე მიდიოდნენ, თუმცა კოლეგების გული მაინც ვერ მოიგეს.
გიორგი გახარიას გუნდი ისევ ნეიტრალური კანდიდატის ძიების პროცესშია და ირწმუნება, რომ სხვების კრიტიკა მათ გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერც მომავალში მოახდენს.
კოლეგების პოზიციები არაფერს ნიშნავს "გირჩისთვის". იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას პოლიტიკური მოცემულობის შესაცვლელად გეგმა არც ამჯერად აქვს.
4 პარტიის ორ-ორად გაყოფის და ერთმანეთში დაპირისპირების არ სჯერა მმართველ გუნდს. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ოპონენტები საზოგადოების მოსატყუებლად მორიგ სპექტაკლს დგამენ, რომლის მიზანი, "ქართული ოცნების" წევრების თქმით, გარე ძალებისგან დავალებული რებრენდინგის მცდელობაა.
3 თვე, 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია და ორი განსხვავებული პოზიცია - შეცვლიან თუ არა არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას? რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა ცესკოში განცხადება 17 ივლისამდე უნდა შეიტანონ.
ავტორი: ნანა გოგატაძე