21 აგვისტო 2026,   12:09
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფება - მინისტრი ხორვატი კოლეგის მიწვევით დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფება, სადაც ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის მიწვევით, დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმში მონაწილეობს.

დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში 16 პანელური დისკუსია გაიმართება, მათგან ერთში სახელწოდებით "ევროპისა და აზიის შეერთება" მონაწილეობას მაკა ბოჭორიშვილი მიიღებს და სიტყვით გამოვა. მინისტრი უცხოეულ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხა საქართველომ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის ფონზე მშვიდობის შენარჩუნება. ასევე, როგორ შეძლო საქართველომ, გამხდარიყო რეგიონში მოწინავე, ეკონომიკური ზრდის კუთხით. 

კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ექსპერტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხორვატიაში, ზაალ გოგსაძე ამბობს, რომ წლევანდელი ფორუმი ეძღვნება ცვლილებებს და გამოწვევებს.

"დუბროვნიკის ფორუმი უკვე ტრადიციული და პოპულარული ფორუმია მთელს მსოფლიოში. ყოველწლიურად ტარდება. წლევანდელი ფორუმი ეძღვნება ცვლილებებს და გამოწვევებს. ანუ, საუბარი იქნება იმ გამოწვევებზე, რომელიც მსოფლიოში ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მოვლენებმა განაპირობა. 17 პანელი ტარდება ორი დღის განმავლობაში. ქალბატონი მაკა სიტყვით გამოვა ფორუმზე და იქნება ასევე ორმხრივი შეხვედრები“ - ამბობს ზაალ გოგსაძე.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ხორვატიის პარლამენტის სპიკერი, გორდან იანდროკოვიჩი, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება გეოსტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია.

"მზად უნდა ვიყოთ, რომ ყველა საჭირო ძალისხმევა გავწიოთ, რათა ჩვენი მოქალაქეები მიმდინარე გლობალური ვითარების მზარდ სირთულესთან გასამკლავებლად მოვამზადოთ. განვიხილავთ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ერთობლივად ვაკვირდებით. განსაკუთრებით, უკრაინაში ომს, ევროპის თავდაცვის შესაძლებლობების მომავალს, გლობალური სავაჭრო ურთიერთობების მზარდი გაურკვევლობის კონტექსტში, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების პერსპექტივებს. მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია, უფლებები, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა - ჩვენი საზოგადოებების საფუძვლებია. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის გაფართოება გეოსტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. მნიშვნელოვანია, აყვავებული, დემოკრატიული და სტაბილური სამეზობლო, რომელიც იზიარებს საერთო ევროპულ ღირებულებებს. გაფართოების პოლიტიკური ინტერესი ყოველთვის თანაბრად ძლიერი უნდა იყოს ბრიუსელში და წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, ასევე ყველა კანდიდატ ქვეყანაში," - აცხადებს გორდან იანდროკოვიჩი.

სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი. 

"საპარლამენტო დიპლომატიას, როდესაც ის ნამდვილია, შეუძლია დაძაბულობის შემცირება, კონფლიქტის დეესკალაცია, შეუძლია გამოავლინოს უცხოური ჩარევა, ვიდრე ის დემოკრატიას დაამახინჯებს. მას შეუძლია დაიცვას კანონის უზენაესობა არა მხოლოდ მისი დარღვევის შემდეგ, არამედ მანამ ის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. სწორედ ამიტომ, შევქმენით ალიანსი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ვაუმჯობესებთ ადრეული გაფრთხილების სისტემებს. დემოკრატიული უკუქცევისა და უცხოური ჩარევის აღმოსაჩენად. სწორედ ეს სულისკვეთება, ლაპარაკი და არა დუმილი, კანონები და არა ძალადობა დღეს აცოცხლებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას, რომლის თავმჯდომარეობა ჩემთვის პატივია," - აცხადებს თეოდოროს რუსოპულოსი

დღის ამბები