საქართველოს შესახებ რეზოლუციის ინიციატორი ბრიფინგზეც საქართველოზე საუბრობს. რასა იუკნევიჩიენე ამჯერად აქცენტს მზია ამაღლობელის საქმეზე აკეთებს და ამტკიცებს, რომ მას ციხეში სცემეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.
ეს განცხადება "ქართული ოცნებისთვის" მკაფიო დასტურია, რომ ანგარიში მხოლოდ დეზინფორმაციას ეფუძნება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევრობიუროკრატები ლობისტური მიზნებით, კანონიერად არჩეული ხელისუფლების დისკრედიტირებისთვის აღარაფერს ერიდებიან, მათ შორის, არც ისეთი ყალბი ამბების გავრცელებას, როგორიც მზია ამაღლობელის მდგომარეობაა.
ის, რაც სახელისუფლებო პარტიისთვის, პოლიტიკურად მიკერძოებული და გაუფასურებული დოკუმენტია, გამარჯვებაა ოპოზიციისთვის. "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი რასა იუკნევიჩიენეს რეზოლუციას დღეს ელენე ხოშტარია ბრიფინგით გამოეხმაურა.
ხელისუფლების ოპონენტებს დოკუმენტი მოსწონთ, "ნაციონალურ მოძრაობას" კი განსაკუთრებით სააკაშვილის განთავისუფლების შესახებ ჩანაწერი, რაც ოპოზიციის მეორე ნაწილს არ უკვირს.
ქართველი ხალხის ნაცვლად ისინი მხარს სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერენ - აცხადებენ მმართველ გუნდში, სადაც იუკნევიჩიენეს წარსულსა და სააკაშვილის პარტიასთან მის თანამშრომლობას იხსენებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მსგავს რეზოლუციებს ღირებულება უკვე დიდი ხანია დაკარგული აქვს და ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დებატები ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩატარდა.
ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. "ღირებულებათა აღრევა" - ასე აფასებს ბრიუსელის დღევანდელ მდგომარეობას შალვა პაპუაშვილი. სპიკერი წერს, რომ ევროპის პარლამენტმა მოითხოვა კანონიერი პატიმრობიდან დიქტატორ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა.