490 მომხრე, 147 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო. სანქციების დაწესება, ახალი საპარლამენტო არჩევნები, დაკავებულების გათავისუფლება - ეს რასა იუკნევიჩიენეს ინიციატივით შედგენილი რეზოლუციის ძირითადი საკითხებია.
ნახევრად ცარიელ დარბაზში, საქართველოს საკითხზე დებატების დროს კრიტიკასთან ერთად მხარდამჭერი განცხადებებიც ისმოდა. ევროპარლამენტარების ნაწილისთვის ლიეტუველი დეპუტატის ანგარიში სამარცხვინო აღმოჩნდა.
რასა იუკნევიჩიენეს რეზოლუციაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება ისევ პრიორიტეტულ მოთხოვნად რჩება. პრიორიტეტებს შორის არის ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აღიარების საკითხიც.
ევროპარლამენტის რეზოლუცია მიღებულია, თუმცა კენჭისყრამდე ევროპელი კანონმდებლების ნაწილმა დოკუმენტში შესწორებების შეტანა სცადა. იტალიელი ევროპარლამენტარი ითხოვდა პროექტიდან ამოეღოთ პუნქტი ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის შესახებ, თუმცა შესწორება არ გაიზიარეს. სწორედ დანილო დელა ვალემ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამოც, რომ ოქტომბრიდან დღემდე, ევროპარლამენტს მეექვსედ აქვს მიღებული რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით და არცერთი სხვა, ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხზე.