ფარულად დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის გამო, "ნაციონალური მოძრაობა," "ლელოს" ტყუილში ადანაშაულებს. ექსპრეზიდენტის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის პოდკასტში ამტკიცებს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია, სამეგრელოში "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის გადაბირებას აქტიურად ცდილობდა.
ადამიანი, ვისზეც ანა წითლიძე საუბრობს, "ძლიერი საქართველოს" ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. გიორგი თოდუა არც სოციალურ ქსელში და არც "კურიერთან" ინტერვიუში მალავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეების გადაბირებას, "ლელო" უკვე დიდი ხანია ცდილობს.
სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიიჩნევს მელია-გვარამიას გუნდი "ლელოს" საბედისწერო შეცდომად. "ნაციონალური მოძრაობა" კი "ლელოსთან" ერთად, საკუთარი პრინციპებისა და ოპოზიციის ღალატში, გახარიას გუნდსაც ადანაშაულებს. ექსპრეზიდენტის პარტია მკაფიოდ ამბობს, რომ ყოფილ პარტნიორებს მარათონამდე მისასვლელ გზებს თავად მოუჭრის.
ამ ბრალდების ადრესატებმა, ყოფილ პარტნიორებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ უწყვეტი იერიშების მიუხედავად, პოლიტიკური სტრატეგიის გადახედვას მაინც არ განიხილავენ.
ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედ ბარიერგადალახულ პარტიებში ახლა ფორმალური რებრენდინგის პროცესი მიმდინარეობს, რაც ისევ ოპოზიციის პოლიტიკური კრახით დასრულდება.
თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული. მერებსა და საკრებულოების წევრებს ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.