19 აგვისტო 2026,   03:03
ვრცლად
სამარცხვინოა, რაც საზოგადოებამ ევროპარლამენტის დარბაზში იხილა - პრაქტიკულად, ცარიელ დარბაზში, საკუთარ თავს ესაუბრებოდა ამ პროექტის ავტორი, ინიციატორი, ქალბატონი რასა - დავით მათიკაშვილი

ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ - კენჭისყრაზე შესწორებების ნაწილს ევროდეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. რეზოლუციის სრული ვერსია მოგვიანებით გამოქვეყნდება. ანგარიში სახალხო პარტიის წევრმა, რასა იუკნევიჩიანემ მოამზადა. დოკუმენტში ისმის მოწოდება სანქციებთან, ახალ არჩევნებთან, მიხეილ სააკაშვილის, მზია ამაღლობელის და სხვა პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად კი სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული. 

მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტსა და ევრობიუროკრატების სუბიექტურ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ ეს კანონიერად არჩეული ხელისუფლების დელეგიტიმაციის მორიგი მცდელობაა.

უმრავლესობის წარმომადგენლები ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სამარცხვინოს უწოდებენ.

"სამარცხვინოა ის, რაც იხილა საზოგადოებამ ევროპარლამენტის დარბაზში; პრაქტიკულად, ცარიელ დარბაზში, საკუთარ თავს ესაუბრებოდა ამ პროექტის ავტორი, ინიციატორი - ქალბატონი რასა, და იქ ამ ტექსტის შინაარსში იყო იმდენად აბსურდული წიაღსვლები, იმდენად მოწყვეტილი რეალობას და აშკარა გამოკვეთილი სურვილი, რომ ტყუილი სიმართლედ შეასაღოს საზოგადოებას, რომ იქვე, იმავე დარბაზში ვერ გაუძლო კრიტიკას. მიხეილ სააკაშვილზე მაქვს საუბარი, კიდევ ჯიუტად ცდილობენ ეს ადამიანი დემოკრატიის შუქურად გაასაღონ. ყველა ეს პირი, რომლებმაც საკუთარი გადაწყვეტილებით, თავისი ფეხით შეაღო ციხის კარები და შევიდა იმიტომ, რომ კონსტიტუციური ორგანოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა... ამ ადამიანების გასაღება ხდება პოლიტპატიმრად. სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დიდი ხანია გაუვიდა პოლიტიკური ყავლი და არის პოლიტიკურად სრულიად ამორტიზირებული, ნორმატიული აქტიც კი ვერ და არ იცავს იმას, რომ ის კიდევ რაიმე ფორმით ლეგიტიმურ პრეზიდენტად იყოს წარმოდგნეილი, ამ ყველაფერზე ტყუილს ტყუილზე წერს ქალბატონი რასა“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები