ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ - კენჭისყრაზე შესწორებების ნაწილს ევროდეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. რეზოლუციის სრული ვერსია მოგვიანებით გამოქვეყნდება. ანგარიში სახალხო პარტიის წევრმა, რასა იუკნევიჩიანემ მოამზადა. დოკუმენტში ისმის მოწოდება სანქციებთან, ახალ არჩევნებთან, მიხეილ სააკაშვილის, მზია ამაღლობელის და სხვა პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად კი სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული.
მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტსა და ევრობიუროკრატების სუბიექტურ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ ეს კანონიერად არჩეული ხელისუფლების დელეგიტიმაციის მორიგი მცდელობაა.
ოპოზიციაში ევროპარლამენტს დემოკრატიულ პრინციპებზე მომუშავე ორგანიზაციას უწოდებენ და არ უკვირთ, რომ დარბაზში შესაძლოა განსხვავებული აზრიც გაჟღერდეს.
"ევროპარლამენტი არის დემოკრატიულ პრინციპებზე მომუშავე ორგანიზაცია. მათთან არის დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღე და, რა თქმა უნდა, დარბაზში შეიძლება იყოს განსხვავებული აზრიც. როდესაც გამოდიან და საუბრობენ დემოკრატიულ უკუსვლაზე, ისინი საუბრობენ იმ კეთილშობილური მიზნით, რომ გამოსწორდეს ყველა პრობლემა, გატარდეს ამ ქვეყანაში რეფორმები. რაც შეეხება დამატებით პუნქტებს, ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები გასათავისუფლებლები არიან. მიხეილ სააკაშვილის საქმეში, რა თქმა უნდა, არსებობს პოლიტიკური მდგენელი“, - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა.