ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებას ეხმაურება. მიუთითებს სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლაზე, ოპოზიციის ლიდერების დაკავებაზე და გამოდის მოწოდებით, გაუქმდეს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა. ამის პარალელურად, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ხელისუფლებას სთავაზობს, გადაწყვეტილება შეცვალოს და ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლებად ორგანიზაციის მისია მოიწვიოს.
რა აზრის აქვს ეუთო/ოდირის მოწვევას, როდესაც მათი დასკვნა უცხოელი აქტორებისთვის არაფერს ნიშნავს - ამ კითხვით პასუხობს ორგანიზაციას სახელისუფლებო გუნდი. "ქართულ ოცნებას" არგუმენტად, ევროკავშირის სტრუქტურებსა თუ ცალკეული ქვეყნების მხრიდან გაკეთებული განცხადებები მოჰყავს, რომელიც სწორედ ეუთოს დასკვნის უგულებელყოფით ითხოვს ახალ არჩევნებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ შეფასება, რომელსაც არავინ ითვალისწინებს, შედეგს ვერ მოიტანს.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეპუტაციას სწორედ ის უცხოელი აქტორები აზიანებენ, რომლებსაც პასუხს არავინ სთხოვს. იხსენებენ ამ კონკრეტულ განცხადებას, როდესაც ლიეტუველი პოლიტიკოსი საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამო, ეუთოს დამკვირვებლებს კრიმინალებად მოიხსენიებდა.
ასე ფიქრობს დღეს ის ოპოზიციაც, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ბარიერგადალახული სუბიექტები ერთი მხრივ აცხადებენ, რომ ეუთო/ოდირის ზედამხედველობა ქვეყანაში ვითარებას ვერ შეცვლის, თუმცა მეორეს მხრივ ამბობენ, რომ სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია. ხელისუფლების ოპონენტები დღეს ვეღარ იხსენებენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტის გადადებისკენ ოფიციალური წერილით თავად მიმართეს.
უმრავლესობით თქმით, ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები რომ არ არსებობს, ამაზე არა მხოლოდ დასკვნა, არამედ ეუთოს გენერალური მდივნის პოზიციაც მეტყველებს, რომლის განცხადებითაც, 2024 წლის არჩევნები ასახავდა ამომრჩევლის ნებას. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები ქვეყნის შიგნით და გარეთ საკუთარი სუბიექტური მიზნების გათვალისწინებით აუფასურებენ ორგანიზაციის საქმიანობას, რომელსაც არ ენდობიან და რომლის მოწვევას მაინც ითხოვენ.
მთავარი მიზეზი, რითაც საკუთარ გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი განმარტავს, საერთაშორისო აქტორების პოზიციაა, რომლებიც ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის დასკვნის მიუხედავად, 2024 წლის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.