20 ივნისი 2026,   10:27
ვრცლად
75 ევროპარლამენტარი ევროკომისიის პრეზიდენტის წინააღმდეგ - ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხზე, კენჭისყრა ხუთშაბათს გაიმართება

რუმინელი ევროპარლამენტარი, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის წევრი, ევროკომისიის პრეზიდენტის უნდობლობის საკითხზე კენჭისყრის გამართვის ინიციატორია. პიპერიას გარდა, კიდევ 74 ევროპარლამენტარი ურსულა ფონ დერ ლაიენს, გადაწყვეტილებების დროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებების არარსებობაში ადანაშაულებს. ამბობენ, რომ პანდემიის პერიოდში, ევროკომისიის პრეზიდენტმა ვაქცინების შესყიდვის მრავალმილიარდიანი გარიგების დეტალები დამალა.

შეთქმულების თეორეტიკოსები, ანტივაქსერები და პუტინის მხარდამჭერები - ასე მოიხსენია ევროკომისიის პრეზიდენტმა ის კოლეგა ევროპარლამენტარები, რომლებმაც ღიად გააკრიტიკეს, თუმცა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისიც განაცხადა, რომ კარგად აცნობიერებს ლეგიტიმური კითხვების არსებობას ევროპარლამენტის იმ წევრების მხრიდან, რომლებმაც მისი უნდობლობის საკითხს ხელი არ მოაწერეს. ყველა კითხვის საპასუხოდ ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბრალდებები მის წინააღმდეგ უსაფუძვლოა.

ვაქცინების შესყიდვის მრავალმილიარდიანი გარიგების გარდა, დარბაზში ევროკომისიის პრეზიდენტის წინააღმდეგ სხვა ბრალდებებიც ისმოდა. რუმინეთისა და გერმანიის არჩევნებში ჩარევა, ევროპული ღირებულებების უგულებელყოფა, ბიუროკრატიული ავტორიტარიზმი - ევროპარლამენტარების ნაწილის აზრით, ევროკომისიას ახალი პოლიტიკური იდეა და ხელმძღვანელობა ჭირდება.

ურსულა ფონ დერ ლაიენს მხარდაჭერა ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა გამოუცხადა. მანფრედ ვებერმა ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივის გამო, კოლეგებიც გააკრიტიკა.

ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხზე კენჭისყრა, ხუთშაბათს გაიმართება.

დღის ამბები