ეუთო/ოდირი წუხს საქართველოს ხელისუფლების განზრახვაზე, არ მოიწვიოს ოფისი დამკვირვებლად ადგილობრივ არჩევნებზე,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, სადაც წერია, რომ ეს არის გადახვევა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს თანმიმდევრული პრაქტიკიდან.
ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ მზადაა, სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს, თუ ხელისუფლება დროულად მიმართავს მოწვევის თხოვნით.
"ქართულ ოცნებაში" იხსენებენ ეუთო ოდირის დასკვნას წინა არჩევნებზე, რომელიც მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს აღიარებდა, ის არც ევროსტრუქტურებმა და არც ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ გაითვალისწინეს.
მმართველ გუნდში სვამენ კითხვას, აქვს თუ არა აზრი არჩევნებს დააკვირდეს ის ორგანიზაცია, რომლის ანგარიშსაც პარტნიორებისთვის არავითარი წონა არ აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, აღნიშნული რეზოლუციებით ეუთო/ოდირი მიწასთან არის გასწორებული.
"ერთი მხრივ, ითხოვენ ეუთო/ოდირის ჩამოსვლას და ამით სპეკულირებას, რომ თითქოს საქართველომ უარი თქვა და მეორე მხრივ, რეზოლუციას იღებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს და ეს ორგანიზაცია დისკრედიტირებულია ამ რეზოლუციით არანაკლებ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაა.
ეუთო /ოდირი არის მიწასთან გასწორებული. ახალი არჩევნები ჩატარდესო, მიუხედავად იმისა, რა დაწერა ეუთო/ოდირმა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.