08 ივნისი 2026,   21:43
ვრცლად
საქართველოს სამი და ბელარუსის ერთი მოქალაქე - პოლიციამ ოთხივე მათგანი სპეციალური ოპერაციის დროს ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, თბილისში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გადაღებული ვიდეომასალა ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულების წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, პოლიციამ 4 პირი დააკავა. მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი დიდი ოდენობით "ალფა პვპ", "ამფეტამინი" და "მეთადონი" ამოიღეს.

ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული 27 წლის მამაკაცია. "კურიერის" ინფორმაციით, ის თორნიკე ენდელაძეა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა კაცი მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე დააკავეს. მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - "მეთადონი" ამოიღო პოლიციამ ბელარუსის მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 2007 წელს დაბადებული გლებ ანისენია დააკავა.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა ჩაატარეს. სამართალდამცველები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე იყვნენ მობილიზებულნი.

ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი

დღის ამბები