
როცა ქვეყნის გეოგრაფია პოლიტიკურ ბედს განსაზღვრავს, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვის სადარაჯოზე დგომა გადამწყვეტი ხდება. საერთაშორისო პოლიტიკური ტურბულენტობისა და მსოფლიოში მიმდინარე ომების ფონზე, მშვიდობის ფასი კიდევ უფრო იზრდება - ამისთვის კი პატარა ქვეყანას დიდი ძალისხმევა სჭირდება. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციას იწყებს, ომი კი მსოფლიოს დღის წესრიგს ცვლის. იცვლება მიდგომები საქართველოსთან მიმართებითაც. ორმაგი სტანდარტი და ბრალდებები არგუმენტების გარეშე - ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ზოგიერთი პარტნიორის სავიზიტო ბარათია.
მეორე ფრონტის მოთხოვნა ამ ამბის მხოლოდ ერთი ნაწილია. მმართველი გუნდის შეფასებით, ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან ცილისწამებაზე დამყარებული პოლიტიკა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურდება. "ქართული ოცნება" ელჩების ნაწილს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ ქმნის და ამიტომ ამ თამაშში ღიად სწორედ დიპლომატები ერთვებიან, საქართველო კი მეგობრულ ურთიერთობებს იცავს და თავადაც სამართლიან მიდგომებს ითხოვს.
მმართველმა გუნდმა პარტნიორებისა და დიპლომატების მხრიდან წითელი ხაზების გადაკვეთად ბევრი ფაქტი შეაფასა. მაგალითად ბრიტანეთის კრიტიკული გზავნილები ან თუნდაც გერმანიის ელჩი - ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შიმშილობა ოპოზიციონერებისვე წინააღმდეგ ალბათ დიპლომატსაც გაუკვირდა, თუმცა პეტერ ფიშერი საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა და პოლიტიკურ სუბიექტებს სოლიდარობა გამოუცხადა. ფიშერის ქმედება თვითდაზიანების წახალისებად, შიდა საქმეებში ჩარევად და დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევად შეფასდა მმართველ გუნდში.
სანამ იქნება თვითმმართველობის არჩევნები და ოპოზიციის მორიგი ლაკმუსის ქაღალდი - იყო 2024-ის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ეუთო/ოდირმა კონკურენტულად შეაფასა. დასკვნაში კი ჩაწერა, რომ შედეგები მოსახლეობის ნებას ასახავდა. დოკუმენტი ოპოზიციის მხრიდან 8 თვის განმავლობაში სხვაგვარად ითარგმნა, თუმცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა საერთაშორისო ტრიბუნიდან, ხმამაღლა და ღიად აღიარა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და არანაირ გაყალბებას ადგილი არ ჰქონდა.
დამკვირვებლების მხრიდან არჩევნების აღიარების საკითხი დღის წესრიგში არც დამდგარა, თუმცა, ამ ფონზეც, ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის მხრიდან უსამართლო მიდგომებს მაინც ხედავს მმართველი გუნდი. მაშინ, როცა ქართველი დიპლომატები სხვა ქვეყნებში, ვენის კონვენციის შესაბამისად იქცევიან, საქართველოს ხელისუფლება მსგავს მიდგომებს საქართველოსთან მიმართებითაც ითხოვს.
წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, ოპოზიციის ღია მხარდაჭერა, ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობა და ორი ქვეყნის ურთიერთობების დაზიანება - ასე აფასებს ქვეყნის პირველი კანონმდებელი ზოგიერთი დიპლომატის ქმედებას. შალვა პაპუაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს.
რატომ იქცნენ დიპლომატები ქართული ოპოზიციის მაშველ რგოლად? - ელჩების მიმართ კითხვა ბევრია, თუმცა ადრესატები პასუხებს არ აბრუნებენ. ოპონენტები რომ გარე დავალებებით მოქმედებენ, ამაში მმართველი გუნდი დარწმუნებულია. ამბობენ იმასაც, რომ პარტნიორების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ღიად ჩარევას ოპოზიციის უმოქმედობა იწვევს. და მაინც, საქართველოს ხელისუფლება დიპლომატებს ისევ ვენის კონვენციაზე მიუთითებს.