08 ივლისი 2025,   09:46
ვრცლად
ვინ გაუგზავნის საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების წერილს - შეთავაზებიდან 24 საათის შემდეგ, მსჯავრდებული ოპოზიციონერებისგან, ჯერჯერობით, უარია

შეთავაზებაზე უარია - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" მსჯავრდებული ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტს შეწყალების წერილს არ გაუგზავნიან.

კოალიცია "ძლიერი საქართველო" მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას უარყოფს, თუმცა პრეზიდენტის მიერ ოფიციალურად ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას თანხმდება. რამდენიმეთვიანი ლოდინის და ოპოზიციასთან უშედეგო დიალოგის შემდეგ, "ლელომ" პოლიტიკური ბუნდოვანება დღეს საგანგებო ბრიფინგზე გაფანტა და მინიშნებების შემდეგ, პირველად ღიად თქვა, რომ საარჩევნო მარათონში ჩაერთვება.

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც პრეზიდენტის შეთავაზებას არ თანხმდება, კოალიცია "ცვლილებისთვისაა". მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების 3 ლიდერი საპატიმროში არიან, კოალიციაში ამბობენ, რომ პოლიტიკურ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

უარზეა გიორგი ვაშაძეც, რომელმაც ჯერ სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლი დაარღვია და საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა, ახლა კი მის პარტიაში ამბობენ, რომ შეწყალების თხოვნა არ იქნება.

ბურთი ოპოზიციის მოედანზეა - "ქართულ ოცნება" თვლის, რომ პრეზიდენტის შეთავაზება შანსია, ოპოზიციამ არჩევნების გზით პოლიტიკური შესაძლებლობები დაამტკიცოს. უარი კი მმართველი გუნდისთვის მორიგი დასტურია, რომ მათ ოპონენტებს არჩევნებში მონაწილეობის და გარდაუვალი მარცხის ეშინია.

ვინ დარჩება გადაწყვეტილების ერთგული და ვინ გაუგზავნის საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების წერილს? შეთავაზებიდან 24 საათის შემდეგ, მსჯავრდებული ოპოზიციონერებისგან ჯერჯერობით უარია.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები