
იზმირი სტიქიური უბედურების ზონაა. რეგიონში მასშტაბური ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მოსახლეობის ევაკუაციის პარალელურად, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. რეგიონში მობილიზებულია ათასობით მეხანძრე. კერების ლოკალიზებას თვითმფრინავებით, ვერტმფრენებით და სპეციალური ტექნიკით ცდილობენ.
თურქეთში მასშტაბური ხანძრის მიზეზი ძლიერი სიცხე გახდა. ქვეყანაში ბოლო სამი დღის განმავლობაში ცეცხლის 263 კერა გაჩნდა. მერვე დღეა ხანძარი სხვა და სხვა რაიონებში მდებარე დასახლებებს ანადგურებს. სტიქიური უბედურების გამო საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება 50 ათას ადამიანს მოუწია. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მეზობელ საბერძნეთშიც.
ხანძარი ათენის გარეუბანში პიკერმში გაჩნდა. ევაკუირებულია 1000-მდე ადამიანი. დაკვამლიანებაა ათენის აეროპორტის მიმდებარედ.
მესამე დღეა კრეტაზე ხანძარს ებრძვიან, კუნძულზე მობილიზებულია ასობით მეხანძრე მაშველი და სპეციალური ტექნიკა. განადგურებულია ტყის მასივები, ზეთისხილის პლანტაციები, კერძო საცხოვრებელი სახლები და მეურნეობები ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. სტიქიური უბედურების გამომწვევ მიზეზად ანომალიური ტემპერატურა და ძლიერ ქარი სახელდება.
განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული იტალიაშიც. ქვეყნის 27 უმსხვილესი ქალაქიდან 21 ში ანომალიური სიცხეა. ყველაზე რთული ვითარებაა მილანში, ნეაპოლში და რომში. რეკორდული ტემპერატურის გამო დაიღუპა 5 ადამიანი. მოსახლეობას დღის განმავლობაში სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ადგილობრივი ხელისუფლება სამუშაო პროცესის შეჩერების აუცილებლობაზე მსჯელობს.
ევროპაში სიცხე რეკორდულ ნიშნულს აღწევს, კონტინენტის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა 40 გრადუსს სცდება. მიმდინარე თვე ინგლისის და ესპანეთის ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ისტორიაში უპრეცედენტოა. გაეროს კლიმატის სააგენტოს მონაცემებით კონტინენტზე ტემპერატურის მატება კლიმატის ანთროპოლოგიური ცვლილებითაა გამოწვეული.