დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი რამდენიმე მედიასაშუალების და პოლიტიკოსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნების" დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მხარი დაუჭირა. პორტოს დეკლარაციასა და რეზოლუციაში შეტანილია ახალი არჩევნების დანიშვნისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნა.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ რეზოლუცია, რომელიც მეგობარი აქტის ავტორის, ჯო უილსონის გავლენით დაიწერა, უპირისპირდება იმავე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის, ეუთოს გენმდივნის და შვეიცარიის დელეგაციის წევრის დადებით შეფასებებს, რომლებმაც თქვეს, რომ ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად და ორგანიზებულად ჩატარდა.
"აბსოლუტურად ყველაფრის კადრება შეუძლია ოპოზიციას და მათ რუპორ, პარტიულ ტელევიზიებს, იმ რაღაც რამდენიმეწუთიანი ყიჟინის გამო, რომელსაც საკუთარი ტყუილების გამო დაცხებენ, ყველაფერზე ხელის მომწერი და მკადრებლები არიან მაშინ. ეუთოს რეზოლუციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით სრულიად მტკნარი სიცრუე გაავრცელეს, თითქოს ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის იმ ტექსტს, რაც ჯონ უილსონის მიერ გაკეთებული შესწორებების შემდგომ იყო გაჯერებული ტყუილებით. ისევ ჯო უილსონის (რომელიც ხოშტარიას და ზურაბიშვილის წყაროებს ეყრდნობა მხოლოდ და ფაქტები არ აინტერესებს) და კიდევ რამდენიმე ქვეყნის დელეგაციის მხარდაჭერით, რომელთაც სოლიდური წარმომადგენლობა აქვთ ამ ფორუმზე, მოხდა ამ სრულიად ტყუილი ინფორმაციის შეტანა რეზოლუციის ტექსტში, რასაც, რა თქმა უნდა, ქართულმა მხარემ მხარი არ დაუჭირა.
არადა, რეალურად, იყო გარკვეული მოლაპარაკება - შესაბამისი ცვლილებები ქართული მხარის ინიციატივით შევიდა ამ ტექსტში, რაც გულისხმობს სირიის მხრიდან აღიარების უკან გაწვევას აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით. როდესაც, პრაქტიკულად, ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ მართლაც მხარი დაეჭირა ქართულ დელეგაციას ამ ტექსტისთვის, ცალკეული ქვეყნების (ძირითადად, ბალტიისპირეთის ქვეყნები აქტიურობდნენ) და ჯო უილსონის - ამ ოდიოზური, "დიფ სთეითის" გამორჩეული წარმომადგენლის ხელით, მოხდა ისეთი ცვლილებების ინიციირება, რომელიც არის პირდაპირპროპორციულად საწინააღმდეგო იმ რეალობისა, რაც საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე მოხდა," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.