19 აგვისტო 2026,   07:01
ვრცლად
"ატლანტიკური საბჭოს" ანგარიში - საქართველო, "საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინდექსით" 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში მოხვდა

შემოსავლების დონე, სოციალური თანასწორობა, უმცირესობის უფლებები, გარემოსდაცვა, განათლება და ჯანდაცვა - ეს იმ კრიტერიუმების ძირითადი ჩამონათვალია, რომლის მიხედვითაც საქართველოში "საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინდექსი" დაადგინეს. შედეგების მიხედვით, ქვეყანა 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში მოხვდა. 100%-იანი სისტემით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმიც აჩვენა და 75.5% მიიღო. რეიტინგით კი უსწრებს ყველა მეზობელს, ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ნატოსა და
ევროკავშირის წევრ 5 სახელმწიფოს.

"საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინდექსის" შედეგები, მმართველ პარტიას არ უკვირს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ როდესაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ობიექტურად ფასდება კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციების კვლევებიც კი რეალურ მაჩვენებელს ვერ მალავს და პოზიტიურ შედეგებს აჩვენებს. მაგალითად მოჰყავთ "ატლანტიკური საბჭოს" ანგარიშის ის ნაწილი, სადაც 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესზეა საუბარი. ორგანიზაციის შეფასებით ბოლო 12 წელში საქართველოში კეთილდღეობის ინდექსი 8,8 პუნქტით გაუმჯობესდა და მსოფლიო რეიტინგში 23 ადგილით დაწინაურდა.

მმართველი პარტიის შეფასებები და თავად "ატლანტიკური საბჭოს" ანგარიში მანიპულაციურია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ინდექსის მონაცემები და რეალობა განსხვავებულია.

თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი ამუშავებს.. ის ძირითადად მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაეროს, ამერიკული ორგანიზაციებისა და "დემოკრატიის მრავალფეროვნების“ საერთაშორისო კვლევების მეცნიერულ ექსპერტიზას ეფუძნება. სახელისუფლებო პარტიისთვის, საქართველოს პოზიტიური მაჩვენებლები მათი პოლიტიკის შედეგია.

"ატლანტიკური საბჭოს" ანგარიში მსოფლიოს მასშტაბით არსებულ მონაცემებსაც ასახავს. ორგანიზაციის შეფასებით, 2001-2024 წლების პერიოდში მსოფლიოში საზოგადოებრივი კეთილდღეობა 7,5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, ევროპაში კეთილდღეობის ინდექსის მატებამ 6,7 პუნქტი შეადგინა, ევროკავშირში კი 5,5. ამ პერიოდში საქართველოს მაჩვენებელი 17 პუნქტით გაიზარდა.

დღის ამბები