19 აგვისტო 2026,   03:03
ვრცლად
შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ - ვინ როგორ აფასებს პოლიტიკურ სპექტრში ელენე ხოშტარიას 3-დღიანი პროტესტის ფორმას

ოპოზიციონერის მიერ კოლეგების წინააღმდეგ დაწყებული შიმშილობა - 3, ულტიმატუმი კი მხოლოდ 1 დღე გაგრძელდა, თუმცა ელენე ხოშტარიას პროტესტის უკიდურესმა ფორმამ არჩევნებში მონაწილეობაზე ვერც ხაზარაძე-ჯაფარიძის და ვერც გახარიას გუნდებს უარი ვერ ათქმევინა. ოპოზიციონერმა შიმშილობა მაინც შეწყვიტა და თქვა, რომ 8 პარტია არჩევნების ბოიკოტზე თანახმაა.

8 პოლიტიკური პარტია, რომელზეც ელენე ხოშტარია საუბრობს, ამტკიცებს, რომ "დროას" ლიდერის პროტესტმა შედეგი გამოიღო. თუმცა, არც იმას უარყოფენ, რომ ყველა ეს ოპოზიციური ძალა საარჩევნო მარათონში ჩართვას, არც ხოშტარიას მიერ ულტიმატუმის წაყენებამდე აპირებდა.

მიხეილ სააკაშვილის პარტიის მტკიცების მიუხედავად, ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდში ამბობენ, რომ პოზიცია არ შეუცვლიათ. უფრო მეტიც, "ლელოს" წევრები ფიქრობენ, რომ მათი კოლეგები შესაძლოა მძიმე შეცდომას უშვებენ. მყარი პოზიცია აქვს გახარიას გუნდსაც. 8 პარტიას, კი ახსენებენ, რომ მათ არჩევნების ბოიკოტის გადაწყვეტილება არა ხოშტარიას შიმშილობის გამო, არამედ რამდენიმე თვის წინ თავად მიიღეს.

ელენე ხოშტარიას შიმშილობის დაწყებაც და შეწყვეტაც გაუგებარია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, მათი ოპონენტები უცხოელი მხარდამჭერების მითითებებს ელოდებიან.

ელენე ხოშტარიამ პროტესტის უკიდურეს ფორმას 27 ივნისს მიმართა. 29 ივნისს თქვა, რომ მას მოთხოვნები არა ხელისუფლებასთან, არამედ საკუთარ კოლეგებთან ჰქონდა და შიმშილობას შეწყვეტდა, თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებდა. ადრესატებმა - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და გახარიას პარტიებმა გადაწყვეტილება არ შეცვალეს. ხოშტარიამ კი შიმშილობა გუშინ საღამოს შეწყვიტა.

დღის ამბები