მორიგი მიკერძოებული და უსამართლო კრიტიკა საქართველოს მიმართ - ასე აფასებს მმართველი გუნდი დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, სადაც საუბარია სანქციებზე და ოპოზიციის ლიდერების დაკავებებზე. საელჩო წერს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დიპლომატიური მისიის დროებითი რწმუნებული დაიბარეს და გააპროტესტეს საჯარო თავდასხმების სერია "ქართული ოცნების" მხრიდან.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთის საელჩო აფინანსებდა ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში ექსტრემიზმის წახალისებით არიან დაკავებულები, რაც ფაქტებით დასტურდება. შეფასება კეთდება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებშიც. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ქართული საზოგადოება ძველი მეგობრების და მთავრობების მხრიდან მკაცრ შეფასებას მიეჩვია.
"სამწუხაროდ, მივეჩვიეთ ჩვენი ქვეყნის ერთგული, ძველი მეგობრების, მთავრობების მხრიდან ამგვარ მკაცრ შეფასებას. ეს რეაქცია გასაგებია, ეს არის გულისტკივილი ჩვენი მეგობრებისა, რომლებიც ხედავენ როგორ ანტიდემოკრატიულ, ანტიქართულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს ეს რეჟიმი", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ეს ძალიან მკაცრი დიპლომატიური ფორმატია, რომელსაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყება იყენებს.
"ეს არის ძალიან მკაცრი დიპლომატიური ფორმატი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ან მისი მოადგილე იბარებს ამა თუ იმ სახელმწიფოს ელჩს იმისათვის, რომ ელჩს გადაეცეს საყვედური მის მიერ გატარებული პოლიტიკური კურსის შეუთავსებლობასთან. რა თქმა უნდა, ისინი ობიექტურები არიან. ისინი პასუხობენ იმ კონკრეტულ ქმედებებს, რასაც "ქართული ოცნება" პრაქტიკაში აჩვენებს. ამ შემთხვევაში, პასუხი უპირველეს ყოვლისა არის პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებაზე. გაერთიანებული სამეფო ახდენს რევიზიას ორმხრივი ურთიერთობებისა", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.