21 აგვისტო 2026,   19:02
ვრცლად
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიღწევები იყო სათანადოდ წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე" - მაკა ბოჭორიშვილი გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციას ესწრება

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიღწევები იყო სათანადოდ წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი. 

საქართველო გაეროს მე-4 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ესპანეთში დღეს გაიხსნა. მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებზე ღონისძიებას მსოფლიოს 70-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებიან, მათ შორის არის მაკა ბოჭორიშვილიც, რომელმაც დღეს კოლეგა მინისტრებთან პირისპირ შეხვედრები გამართა.

"გაეროს მაღალი დონის კონფერენცია ნამდვილად არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს კომუნიკაცია, ორმხრივი შეხვედრები. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიღწევები იყო სათანადოდ წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე.

ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, საუკეთესო შესაძლებლობაა, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბროთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ამ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, კარგი შესაძლებლობა გვქონდა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან გვქონოდა საუბარი.

შეხვედრა მქონდა, ასევე, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან. ჩვენი პარტნიორებისთვის საინტერესოა საქართველოს ეკონომიკური მიღწევები, ის პროგრესი, რაც არის ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, როლი, რომელსაც საქართველო თამაშობს რეგიონში დაკავშირებადობის განვითარების კუთხით," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ხვალ საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა ღონისძიების გენერალური დებატების ფარგლებში. მანამდე კი მსოფლიო ქვეყნების ლიდერებს სიტყვით მიმართავენ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი, კონფერენციას კი ესპანეთის მეფე გახსნის.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები