საქართველოს ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა "პალდოზე," ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურს ქვეყნის ასამდე მოქალაქე შეუერთდა, რომლებმაც სამხედრო ფიცის მიღებამდე მომზადების კურსი გაიარეს. საბრძოლო და საცეცხლე მომზადება საკვალიფიკაციო სროლებსა და ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას ითვალისწინებდა.
ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ვაშაყმაძემ რეზერვისტებს სიტყვით მიმართა, ფიცის მიღება მიულოცა და მათი ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაზე მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
ეროვნული გვარდიის სხვადასხვა ქვედანაყოფში რეზერვისტები ტერიტორიული პრინციპით, 4 წლის განმავლობაში იმსახურებენ. ისინი წლის განმავლობაში 45-დღიან საბრძოლო მომზადებას გაივლიან. გეგმურ შეკრებებზე რეზერვისტები საბრძოლო და კრიზისებზე რეაგირების უნარებს განივითარებენ და მიიღებენ თეორიულ ცოდნას.