"NGO-ებსა და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი, მათ შორის, დასამალი აქვთ ის, რომ უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსებით ისინი ახალისებდნენ ნარკომანიის, ასე ვთქვათ, გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში, აწყობდნენ რევოლუციას, ებრძოდნენ ეკლესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და ა.შ." - ამის შეახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ანტიკორუფციული ბიუროსთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებაზე უარს შეეხებოდა.
"ბევრი რამ აქვთ დასამალი, რეალურად, ზუსტად ის სტანდარტი მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში მოქმედებდა პოლიტიკური პარტიების მიმართ. იქ რატომ არ აინტერესებდათ პერსონალური ინფორმაცია და არაფერი? რეალურად, ხდება ზუსტად იმ ინფორმაციის გამოთხოვა, რა ინფორმაციასაც გამოითხოვდა ხოლმე ანტიკორუფციული სამსახური მთელი ამ წლების განმავლობაში, 20 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისგან.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი საბაბი. სინამდვილეში, NGO-ებსა და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი, მათ შორის, დასამალი აქვთ ის, რომ უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსებით ისინი ახალისებდნენ ნარკომანიის, ასე ვთქვათ, გავრცელებას ჩვენს ქვეყანაში, აწყობდნენ რევოლუციას, ებრძოდნენ ეკლესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და ა.შ. ეს არის დასამალი და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი გაურბიან შესაბამისი დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას", - აღნიშნა პრემიერმა.