"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში ცვლილება განხილვის საგანია. "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ცვლილება კერძო პირისა და საჯარო პირის ცილისწამებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხელისუფლების ოპონენტები აკრიტიკებენ.
მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ცვლილებები აუცილებელი იყო.
"ამ კანონის მიღება იყო უმნიშვნელოვანესი. როდესაც ადამიანს რაიმეს აბრალებ და ცილს სწამებ, ამისი მტკიცების ტვირთი უნდა იყოს დამბრალებელზე. თუ შენ ადამიანს აბრალებ, რომ რაღაც მოგპარა, შენ უნდა დაამტკიცო, რომ რაღაც მოგპარა და ის არ უნდა აღმოჩნდეს იმ სიტუაციაში, რომ საპირისპირო თავად ამტკიცოს. აქ ალოგიკური არაფერი არაა და პირიქით, ყველაფერი ლოგიკის ფარგლებში ჯდება.
ამასთან ერთად, ჩვენ ძალიან ბევრი კანონი მივიღეთ ამ ბოლო დროს და ეს ყველა კანონი ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - ჩვენს ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია, სიძულვილის ენა გაქრეს და, რაც მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს ფსევდო ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, რასაც ჩვენ ჩვენს მოსახლეობას დავპირდით. ამით ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით ევროპულ სტანდარტებს, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გაიზარდოს დემოკრატიისა და სამართლიანობის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი