20 აგვისტო 2026,   21:17
ვრცლად
"მოვუწოდებ, არ მიმართოს ისეთ რადიკალურ ქმედებებს, რომელიც ჯანმრთელობას დააზიანებს" - ირმა ზავრადაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე

ოპოზიციის გადაწყვეტილებას შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი გამოეხმაურა. "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ რევოლუციური მოწოდებები არასწორია. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, ოპოზიციას ჰქონდა შანსი, საპარლამენტო ტრიბუნა გამოეყენებინა, რაზეც უარი თავად თქვა.

"ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ საქართველოში არსებობს დემოკრატიული პროცესი, არსებობს პოლიტიკური პროცესი, ამისთვის არსებობს პარლამენტი, ამისთვის არსებობს სხვადასხვა დემოკრატიული ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან ისაუბრო. მათ, სამწუხაროდ, გაუშვეს ეს ინსტრუმენტები ხელიდან, ისინი არ შემოვიდნენ პარლამენტში, არ გაამართლეს საკუთარი ამომრჩევლების იმედები და პროცესი გადაიყვანეს სრულ დესტრუქციაში და წინააღმდეგობაში მოვიდნენ არა მარტო ხელისუფლებასთან, თავის ქვეყანასთან, თავის საზოგადოებასთან მოვიდნენ წინააღმდეგობაში. შესაბამისად, არიან იქ, სადაც არიან, სადაც არის მათი ადგილი. ვერანაირი შიმშილობა და ვერანაირი დესტრუქცია, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების პროცესს ვერ შეაჩერებს", - აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ზავრადაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ისეთ რადიკალურ ქმედებებს არ მიმართონ, რომელიც მათ ჯანმრთელობას დააზიანებს.

"მე, როგორც ადამიანი, მოვუწოდებ, რომ ასეთი რადიკალური ქმედებები, რომელიც ჯანმრთელობას დააზიანებს, არ ქნას. რევოლუციის მოსახდენად აუცილებელი პირობები დღეს საქართველოში, "ქართული ოცნების" პირობებში, არ არის და არც იქნება, რადგან "ქართული ოცნების" ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომლის მთავარი მიზანიც, კანონის მიღებიდან დაწყებული, ქმედებებით დამთავრებული, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებაა და მეტი არაფერი", - ამბობს ირმა ზავრადაშვილი.

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძე ელენე ხოშტარიას შეუერთდა და პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყო.

 

დღის ამბები