21 აგვისტო 2026,   21:54
ვრცლად
"საქართველოს ხმა" ბერი ანდრიას ფონდში - მუსიკალური მეგა შოუს ფინალისტებმა, ერთი ჩვეულებრივი დღე ბავშვებს სიმღერით გაულამაზეს

ბერი ანდრიას ფონდი ის ადგილია, რომელიც ყოველდღე გვახსენებს, რომ სიკეთე აბსტრაქტული ცნება არ არის და ის მოქმედებაა - 15 წლის განმავლობაში ფონდმა, მძიმე სენით დაავადებულ, 800-ზე მეტ ბავშვზე იზრუნა.

იქ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის გვერდით დგომა და გამხნევებაა - "საქართველოს ხმა", დღეს ამ ერთობის ნაწილი გახდა.

მუსიკალური მეგა შოუს ფინალისტებმა გადაწყვიტეს, ერთი ჩვეულებრივი დღე ბავშვებისთვის სიმღერით გაელამაზებინათ. "საქართველოს ხმის" კონკურსანტების დანახვამ პატარები ძალიან გაახარა. ემოციები ვერც სტუმრებმა დამალეს. სცენაზე მომღერლებს კონკურენციას ფონდის პატარები უწევდნენ.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც მუსიკალური პროექტის ფინალისტებმა ერთ-ერთ LIVE შოუზე, გულშემატკივარი აღმოაჩინეს და დაჰპირდნენ, რომ მასთან სტუმრად მივიდოდნენ.

საღამოს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. ამ ბიჭებმა კარგად იციან, რომ ყველაზე ძლიერად ხმა სწორედ მაშინ ისმის, როდესაც ის გულიდან მოდის და ზღაპრის ბოლოც კეთილია.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები