2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები რომ სიის მეოცე ნომერს, პარლამენტის კარს ვერ გაუხსნიდა, ეს ალეკო ელისაშვილმა როგორც ჩანს წინასწარ იცოდა. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში გაკეთებულ განცხადებაში აღიარა, რომ დიდ პოლიტიკურ ამბიციებთან ერთად, პარლამენტში მოხვედრის იმედი არც ჰქონდა. ნათქვამის განმარტება ალეკო ელისაშვილმა არ ისურვა და არც "კურიერის" სატელეფონო ზარებს უპასუხა. კოალიციაში კი განმარტეს, რომ მათი თანაგუნდელი მხოლოდ მოლოდინზე საუბრობდა.
ელისაშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისგან ოპოზიციის ნაწილი თავს იკავებს, ნაწილმა კი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის დაცვა სცადა. ხელისუფლების ოპონენტები აღიარებენ, რომ არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ოპოზიციაზე მეტი ხმა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ამტკიცებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
პოლიტიკურმა ოპოზიციამ პოლიტიკური მარცხის შესახებ წინასწარ რომ იცოდა, ამაში დარწმუნებულია დედაქალაქის მერი. კახა კალაძისთვის ალეკო ელისაშვილის განცხადება წამოცდენა და მორიგი აღიარებაა, რომ ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების გაყალბებით სპეკულირებდნენ.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო. წინასაარჩევნო მარათონში გახარიას გუნდთან ერთად, სავარაუდოდ კოალიცია "ძლიერი საქართველოც" ჩაერთვება. მოლოდინს, ელისაშვილის სიტყვები ამყარებს.
4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიიდან, პრინციპული გადაწყვეტილების ერთგული ჯერჯერობით "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებებისთვისაა."
აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება ოპოზიციაში არ უკვირს მმართველ გუნდს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების ნაწილი ახლა პოლიტიკურ ველზე დაბრუნებას თვითმმართველობის არჩევნების გზით ცდილობს, თუმცა სახელისუფლებო პარტია დარწმუნებულია რომ 2024 წლის მსგავსად, ოპოზიცია 2025-შიც დამარცხდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 თვით ადრე, 4 ბარიერგადალახული პარტიიდან წინასაარჩევნო მარათონისთვის ღიად ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი პარტია ემზადება.
ავტორი: ნანა გოგატაძე