ახალი გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სიტუაცია არასწორი მიმართულებით ვითარდება და უმრავლესობა ასევე თვლის, რომ ის გაუარესდა.
მოქალაქეების აზრით, ქვეყანაში არსებულ საერთო ვითარებაზე ყველაზე დიდ ნეგატიურ გავლენას კორუფცია ახდენს და არა ომი.
გამოკითხვა სოციოლოგიური კვლევების (SOCIS) ცენტრის მიერ 6-11 ივნისს არის ჩატარებული.
მოქალაქეების აზრით, ქვეყანაში არსებულ საერთო სიტუაციაზე ყველაზე ნეგატიურ გავლენას სახელმწიფო დონეზე კორუფციის მაღალი მაჩვენებელი ახდენს — ასე გამოკითხულთა 48.5%-ი ფიქრობს. შემდეგ მოდის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მუდმივი შეტევა დრონებით და სარაკეტო თავდასხმები (41.7%), შემდეგ კი მოსახლეობის ცხოვრების დონის ვარდნა (41.1%).
უკრაინელები ასევე მნიშვნელოვან პრობლემებად ასახელებენ რუსეთის მიერ უკრაინის ახალი ტერიტორიების მიტაცებას (34.9%), მობილიზაციის აგრესიულ მეთოდებს (26.4%), არაპროფესიონალიზმს და ხელისუფლების შეცდომებს (23.9%).
ამავდროულად, მნიშვნელოვნად ნაკლებმა გამოკითხულმა მიუთითა ისეთი მიზეზები, როგორიცაა საერთაშორისო დახმარების შემცირება, შიდა კორუფცია ან ელექტროენერგიის გათიშვა.
ცნობისთვის, კვლევის ნიმუში თითქმის წარმომადგენლობითია მთელი ქვეყნის მასშტაბით ასაკის, სქესის, დასახლების ტიპისა და რეგიონის მიხედვით. შესაძლებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო იძულებით გადაადგილებული პირების, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და საბრძოლო მოქმედებების ზონების მოსახლეობის რაოდენობა და სტრუქტურა. გამოკითხვა არ ჩატარებულა: ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იმ ტერიტორიებზე, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს (დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქების მნიშვნელოვანი ნაწილი). კვლევაში, კვოტის ფარგლებში სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა; კვლევის მეთოდი: პირადი ინტერვიუ (პირისპირ) პლანშეტების გამოყენებით (CAPI); სტატისტიკური შერჩევის შეცდომა (სარწმუნოების ინტერვალი): +/- 2.6%-ს შეადგენს.