ევროპა და კანადა უკრაინას 40 მილიარდი ევროს ღირებულების შეიარაღებას გადასცემენ - ეს გადაწყვეტილება ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ჰააგაში მიმდინარე სამიტზე მიიღეს. ალიანსის წლევანდელ დეკლარაციაში გაწერილია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა, თუმცა არ არის ნახსენები ქვეყნის ალიანსში წევრობის პერსპექტივა.
სამიტის გახსნამდე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას და უნდა ახსოვდეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხე.
უკვე ნიდერლანდებშია აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი სამიტის ფარგლებში მის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრას ელის.
თავის მხრივ ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე შეხვდა ემანუელ მაკრონს. მხარეებმა განიხილეს "დიპლომატიური სამუშაო რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად" და ე.წ. მსურველთა კოალიციის განვითარების საკითხი. უკრაინა, ნატოს სახელმწიფოების მხრიდან რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ელოდება.