პარლამენტის ოთხმა კომიტეტმა დღეს ბათუმში გასვლითი სხდომა გამართა. განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი და ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში. იმსჯელეს ახალ კანონებსა და ინიციატივებზეც.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განმარტა, მათ აჭარის საბჭოს პროფილური კომიტეტის წევრებს გააცნეს ის ცვლილებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ივლისიდან შევა.
"ჩვენს კოლეგებს, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოდან პროფილური კომიტეტის წევრებს გავაცანით ის ცვლილებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შევიდა და ძალაში შედის უკვე 1-ლი ივლისიდან. მნიშვნელოვანი ცვლილებებია და ეს ცვლილებები ეხება საკმაოდ ბევრ მიმართულებას, რომლებიც პრაქტიკიდან, გამოწვევებიდან გამომდინარე იქნა ახლებურად დარეგულირებული. 2 წლის განმავლობაში იმუშავა შესაბამისმა კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. ის ცვლილებები, რომლებიც აისახა რეგლამენტში, მეტად ეფექტურს გახდის საპარლამენტო საქმიანობას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.