საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის თაობაზე, ევროპარლამენტში, "სუვერენულ სახელმწიფოთა ევროპის" ჯგუფის სახელით, ალტერნატიული რეზოლუციაა წარდგენილი.
მასში აღნიშნულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ჩატარდა ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების ფართო დაცვით და რომ ქართველმა ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი ახალი მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით.
რეზოლუციაში გამოხატულია შეშფოთება ოპოზიციის ქმედებებში უცხოელი აქტორების აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც ავტორების განმარტებით, მიზნად ისახავს არჩეული მთავრობის დამხობას ქუჩის ძალადობითა და სხვა არაკონსტიტუციური საშუალებებით.
დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს, შეწყვიტოს კონფრონტაციული მიდგომა და აღიაროს საქართველოში არსებული სიტუაციის სირთულე და არ გააგრძელოს ამჟამინდელი პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ ზრდის ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკის პოლარიზაციას.
რეზოლუციაში ასევე მითითებულია, რომ საქართველოში ონლაინ მედიაგარემო მრავალფეროვანია და ხელმისაწვდომია თემების ფართო სპექტრის კონტენტი; აღნიშნულია მზია ამაღლობელის დაკავებაც. ტექსტში ნათქვამია, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე "პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის" მუხლით არის აღძრული.
ევროპარლამენტში, საერთო ჯამში, საქართველოსთან დაკავშირებით სულ 4 პროექტია წარდგენილი. რეზოლუციაზე კენჭისყრა ხვალ, 19 ივნისს იგეგმება.