ამერიკის შეერთებულ შტატებში პროტესტი არ წყდება. ლოს-ანჯელესში, რამდენიმე დღის განმავლობაში, 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ძირითადად, კომენდანტის საათის დარღვევისა და გზების გადაკეტვის გამო.
არეულობის დროს, ქალაქში 23 ბიზნეს-ობიექტი გაიძარცვა. ვანდალიზმით მიყენებული ზიანის ოდენობა მილიონობით დოლარს აღწევს. ბოლო 4 დღის განმავლობაში, კალიფორნიიდან დაწყებული პროტესტი გაფართოვდა და 13 შტატი მოიცვა.
მომიტინგეები უარს ამბობდნენ დაშლაზე, უცვლელია მათი მოთხოვნა - შეწყდეს დონალდ ტრამპის ინიციატივით დაწყებული რეიდები, რომლებიც არალეგალურად დასაქმებული მიგრანტების ქვეყნიდან გაძევებას ითვალისწინებს. თავის მხრივ, საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს აშშ-ის პრეზიდენტი.