ლატვიაში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მიზეზი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმების ავტომატური დათვლის მანქანების გაუმართაობა გახდა. შექმნილი პრობლემების გამო, ბიულეტენების ნაწილი ხელით დათვალეს.
მოგვიანებით გამოიკვეთა კიდევ ერთი ხარვეზი - აღმოჩნდა, რომ, ხმის დათვლის ავტომატური სისტემის გაუმართაობის გამო, ხმების ხელით დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ზოგიერთ უბანს მუშაობა უკვე შეწყვეტილი ჰქონდა. თვითმმართველობის არჩევნებზე შექმნილი არეულობა ციფრული განვითარების სახელმწიფო მართვის სააგენტოს დირექტორის გათავისუფლების მიზეზი გახდა.
ლატვიის პრეზიდენტიც აღიარებს, რომ ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ციფრული განვითარების სახელმწიფო სააგენტომ საარჩევნო პროცესის ორგანიზება ვერ შეძლეს.
პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, თანამდებობის დატოვების მზადყოფნა გამოთქვა ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემაც.
ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 47% შეადგინა. წინასწარი შედეგებით, დედაქალაქ რიგაში მემარჯვენე პარტია "ლატვია უპირველეს ყოვლისა" და მემარცხენე-ცენტრისტული "პროგრესულები" ლიდერობდნენ, თუმცა, დაფიქსირებული ხარვეზებიდან გამომდინარე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების შედეგები გაბათილდეს.