შტატის გზატკეცილის ორივე მიმართულება, ფედერალური მთავრობის შენობა, ლოს-ანჯელესის მერიის მიმდებარე ტერიტორია, სავაჭრო ცენტრები და პარკინგები... კალიფორნიაში პოლიციას, ეროვნულ გვარდიას და მოქალაქეებს შორის შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პატარა ქალაქ პარამაუნტში ტრამპის გადაწყვეტილებით მიგრანტების გაძევების მიზნით ძალოვნებმა რეიდები დაიწყეს.
ამერიკის ათასობით მოქალაქე ქუჩაში დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებს. დემონსტრანტების ნაწილი პოლიციას ქვებს და სხვადასხვა საგანს ესვრის, წვავენ ავტომობილებს, შეერთებული შტატების დროშებს. გახშირდა მაროდიორობის შემთხვევები.
პროტესტის დასაშლელად, ხელისუფლებამ ცრემლსადენი აირი, ხმაურის გამომწვევი ყუმბარები, რეზინის ტყვიები და ხელკეტები გამოიყენა. არიან დაშვებულები, მათ შორისაა ავსტრალიელი ჟურნალისტი, რომელსაც რეზინის ტყვია პირდაპირი ჩართვის დროს მოხვდა.
თეთრმა სახლმა, შტატში ვითარების დეესკალაციის მიზნით, ეროვნული გვარდიის
2000 შეიარაღებული ჯარისკაცი შეიყვანა, რასაც კალიფორნიის გუბერნატორის პროტესტი მოჰყვა. გევინ ნიუსომმა ტრამპის გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა და მისი გაუქმება ოფიციალურად მოსთხოვა. ამასთან, სოციალურ ქსელში ტრამპი დიქტატორად მოიხსენია და ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულა.
თავად ტრამპმა თავდაცვისა და უშიშროების მდივნებს, ასევე პროკურორს, უკვე მისცა საჭირო განკარგულებები პროტესტის შესაჩერებლად და, როგორც თავად დაწერა, ლოს-ანჯელესი მიგრანტების "შეჭრისგან" გაათავისუფლონ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ოდესღაც დიდებული ქალაქი ლოს ანჯელესი ოკუპირებულია არალეგალი მიგრანტების და კრიმინალების მიერ, სადაც აგრესიული ბრბო ფედერალურ აგენტებზე შეტევას და დეპორტაციის პროცესის ჩაშლას ცდილობს.
ამ დროის მონაცემებით, არეულობის დროს სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ათობით ადამიანმა, მათ შორის არიან მომიტინგეები, სამართალდამცველები და
ჟურნალისტები. ძალადობის, ვანდალიზმისა და პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, დაკავებულია 200-მდე მოქალაქე.