21 აგვისტო 2026,   15:37
ვრცლად
თუ ფაქტით გაამყარებს, გვარებს იტყვის, ჩანაწერებს გამოაქვეყნებს, მას ექნება ლეგიტიმური უფლება ასეთი ტიპის ბრალდებების, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს უბრალოდ ჭორაობაა - ლევან მაჭავარიანი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე

"ქართული ოცნების" წევრები ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩესისგან კონკრეტული გვარების დასახელებას მოითხოვენ. მმართველი გუნდი ევროპარლამენტარს მეტი კონკრეტიკისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება ცილისწამებად ჩაითვლება.

საუბარია განცხადებაზე, სადაც სანჩესმა "ევრონესტის" დელეგაციის სხდომაზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" სანქცირებული წევრები ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში რეკავენ და ინტერესდებიან, რა ბედი ეწევათ მათ აქტივებს.

"როდესაც ევროპარლამენტარი ასეთი ტიპის მძიმე განცხადებას აკეთებს და ბრალდებას გვიყენებს, რომ თურმე ვინმე სადღაც რეკავს და რაღაცას იხვეწება, კეთილი ინებოს და მტკიცებულება დადოს, სახელი და გვარი გამოაქვეყნოს. თუ ბატონ სანჩესს თავი იმხელა ფიგურა წარმოუდგენია მსოფლიო არენაზე, რომ მისი სიტყვა უნდა დავიჯეროთ, ძალიან აცდენილია რეალობას. თუ იგი ამას რაიმე ფაქტით გაამყარებს, გვარებს იტყვის, აუდიო ჩანაწერებს გამოაქვეყნებს და ა.შ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას ექნება ლეგიტიმური უფლება, რომ ასეთი ტიპის ბრალდებები გააჟღეროს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის უბრალოდ სიტყვები, უბრალოდ ჭორაობა. ვინაიდან ამ ყველაფერს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები არ ახლავს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ისიც რიგითი დავალების შემსრულებელია, რიგითი ლობისტია და ამაში ფულს გამოიმუშავებს," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. 

დღის ამბები