ერთ დროს ტრამპის მთავარი მხარდამჭერი, ახლა მის მთავარ მეტოქედ იქცა. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ამერიკელ ხალხს არჩეულის გადარჩევას სთხოვს. თავადვე აპირებს ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებას და არც იმას მალავს, რომ მის გარეშე ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვერ გახდებოდა.
დონალდ ტრამპმა ოქროს ხანისკენ მიმავალი გზა ილონ მასკის გარეშე უნდა გააგრძელოს. მაშინ, როდესაც საარჩევნო კამპანიის საკვანძო ფიგურას, სწორედ "ტესლას" დამფუძნებელი წარმოადგენდა.
ერთ განცხადებას მალევე მოჰყვა მეორე. მასკს საარჩევნო ხაზიდან არ გადაუხვევია, დააანონსა, რომ შესაძლოა ამერიკის პოლიტიკურ ველზე ახალი პარტია გაჩნდეს.
ვიდრე ილონ მასკი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნაზე ფიქრობს, შტატების პრეზიდენტი მედიასთან ცდილობს ახსნას, რატომ გაემიჯნა მთავარი მოკავშირე. კამერების წინ დონალდ ტრამპი მომხდარს ბიზნეს ინტერესებს უკავშირებს, სოციალურ ქსელში კი წერს, რომ "ტესლას" დამფუძნებელი გაგიჟდა.
შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის დაპირისპირებამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც მასკმა განაცხადა, რომ ტრამპი "ეპშტეინის ფაილებშია".
იმ ჯეფრი ეპშტეინის, რომელიც პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვის, მათზე სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის ბრალდებით იყო გასამართლებული. ამერიკელი ფინანსისტი თავისსავე საკანში 2019 წელს გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, პატიმარმა თავი მოიკლა.
გავრცელებულ ინფორმაციაზე ამერიკელმა ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს შეკითხვაც დაუსვეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კითხვა უპასუხოდ დატოვა.
თეთრი სახლი კონფლიქტის მოსაგვარებლად მხარეებს შორის სატელეფონო საუბრის დაორგანიზებას ცდილობს. განცხადება დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმაც გააკეთა და თქვა, რომ ილონ მასკს ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრება. საერთაშორისო მედიაში ითქვა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, არც მასკის ნაჩუქარი "ტესლას" ფირმის ავტომობილის დატოვებას აპირებს
ბოლო შეხვედრა ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის თეთრ სახლში მას შემდეგ შედგა, როცა მასკმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ოვალურ კაბინეტში, მედიასთან - ერთადაც გამოჩნდნენ, სადაც მსოფლიო პრესის ყურადღება ილონ მასკის ჩალურჯებულმა თვალმა მიიქცია. ყვითელმა პრესამ არაერთი ეჭვი გამოთქვა.
ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება 3 ივნისს, ილონ მასკის მიერ გამოქვეყნებული პოსტით დაიწყო.