21 აგვისტო 2026,   18:30
ვრცლად
საგამოძიებო კომისიის სხდომა - დაზარალებულმა პროფესორებმა აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვასა და განსხვავებული აზრის გამო დევნაზე ისაუბრეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების სამიზნე 2006 წლის ზაფხულში გახდა. წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებსა და უფლებების უხეშ დარღვევაზე პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა ისაუბრა. მეცნიერმა ქრონოლოგიურად გაიხსენა დანაშაულებრივი სქემის დეტალებიც, რომელიც მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და განათლების მაშინდელი მინისტრის, ალექსანდრე ლომაიას უშუალო მონაწილეობით დაიგეგმა.

ყველაფერი ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" უმაღლესი სასწავლებლების შიდა საქმეებში ჩარევა დაიწყო. აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვასა და განსხვავებული აზრის გამო დევნაზე დღეს თავად დაზარალებული პროფესორები საუბრობდნენ. 2006 წელს განვითარებული მოვლენები აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა გაიხსენა და თქვა, რომ მეცნიერებსა და პროფესორებს, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლები გაატარეს, მაშინდელი ხელისუფლების დავალებით ატერორებდნენ, ემუქრებოდნენ და სამსახურიდან უშვებდნენ.

პროფესორ-მასწავლებლების წინააღმდეგ განხორციელებული ანგარიშსწორება, მუქარა და შანტაჟი იყო დღეს კიდევ ერთი მეცნიერის მთავარი სათქმელი. 19 წლის წინანდელ მოვლენებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებულ დამაზიანებელ რეფორმებზე ავთანდილ არაბულმა ისაუბრა.

სხდომის ბოლოს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ წინა ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების სახელები და გვარები დაასახელა, რომლებმაც მისი განმარტებით, უნივერსიტეტების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანეს. თეა წულუკიანმა ყველა მათგანს საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რიგით 34 სხდომა დღეს 4 საათს გაგრძელდა. ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესწავლა პარლამენტში გრძელდება. კანონმდებლებმა დასკვნა ზუსტად ერთ თვეში უნდა მოამზადონ.

 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი 

 

 

 

 

დღის ამბები