სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ერთხელ უკვე ნასამართლევ გაგა მკურნალიძეს ამჯერად ბრალი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე წარუდგინეს. საუბარია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას საქმეზე.
გამოძიების ინფორმაციით, 2010 წელს პატიმრობაში მყოფ გამსახურდიას, ციხის თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემა დააბრალეს, რის საფუძველზეც, პირველი პრეზიდენტის ვაჟს, დამატებით 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რეალურად კი, მიზეზი ცოტნე გამსახურდიას მიერ ციხეებში პატიმრების სისტემური წამების გასაჯაროება გახდა.
ცოტნე გამსახურდია იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღიად ისაუბრა. ნაწამები პატიმრების სოლიდარობის ნიშნად ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორ თვეზე მეტ ხანს შიმშილობდა. გამსახურდიას მეუღლე ამბობს, რომ ციხის კედლებმა, სხვა პატიმრებთან ერთად, ცოტნეს ჯანმრთელობასაც მძიმე კვალი დაატყო.
ცოტნე გამსახურდიას საქმეზე გაგა მკურნალიძესთან ერთად ბრალი წარედგინა ციხის სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს გიორგი ბუთლიაშვილსაც. სასამართლომ დღეს ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებს, მოსამართლემ გირაო შეუფარდა.
გაგა მკურნალიძე პირველად, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის ოქტომბერში დააკავეს. ე.წ. კარანტინის დაშლის საქმე, პატიმარ ელდარ ქობალიას წამება და მოქალაქე ზვიად აბესაძის გატაცება - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, სადაც გაგა მკურნალიძის სახელი სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად ფიგურირებს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორთან, ძებნილ დავით ჭაკუასთან ერთად მან 2012 წლის არჩევნების წინ "ნაციონალურ მოძრაობას" სოლიდური თანხაც შესწირა.