დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 2 000-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის. ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავად შეარჩიონ.
გაგრიდან დევნილი 79 წლის თინა გვათუა, ბინას ოკუპირებული აფხაზეთიდან იძულებით წამოსვლის შემდეგ ელოდება. ზუგდიდში, ქირით, ათეული წელი ცხოვრების შემდეგ, მალე ისევ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საკუთარი სახლი ექნება. როგორც "კურიერს" უყვება, საცხოვრებელი უკვე შერჩეული აქვს.
თინა გვათუას მსგავსად, სახელმწიფო 2000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სახლს შეუსყიდის. ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ასეთი ოჯახების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
სახლების შესყიდვის პარალელურად,იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ერთდროულად, 5 ქალაქში საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს. ხუთივე პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.