საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა და ფინანსთა მინისტრმა ფონდის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ერთობლივ ბრიფინგი გამართეს.
ისაუბრეს ფონდის შეფასებაზე ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რისკებსა და პერსპექტივებზე. სავალუტო ფონდმა ვიზიტის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გამართა.
"მეოთხე მუხლის ფორმატი, მოგეხსენებათ არის ასეთი წლიური ფორმატი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მოვისმინოთ სავალუტო ფონდის შეფასება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, არსებული რისკების, გამოწვევების, გრძელვადიანი თანამშრომლობისა და რეფორმების პერსპექტივების შესახებ.
მისიის ფარგლებში, საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მისიას, ჩართულობისთვის, პროდუქტიული დისკუსიისთვის, ასევე მადლობა ეროვნული ბანკის გუნდს, სრულად ვიყავით ჩართულები ამ დისკუსიებში და ასევე ძალიან დიდ მადლობა ფინანსთა სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს, ამ თანამშრომლობისთვის, რაც ამ დღეებში ვიხილეთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.