თვითმმართველობის არჩევნების გარშემო პოლიტიკური დისკუსია გრძელდება.
პარტია "ლელო" გამოდის ინიციატივით ოპოზიციამ ოთხი ოქტომბრის მარათონთან დაკავშირებით ერთობლივი მსჯელობა დაიწყოს, აქვე მამუკა ხაზარაძის გუნდში აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღიათ.
თემაზე განხილვის დაწყებაც მიუღებელია კოალიცია ცვლილებებისთვის, სადაც "ლელო" დღეს მწვავედ გააკრიტიკეს.
იგივე პოზიციაზეა "ნაციონალური მოძრაობა", სადაც გუშინ პირველად ითქვა, რომ პარტია თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვას განიხილავდა, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ თბილისში მერობის საერთო კანდიდატი იქნებოდა.
როგორც ირკვევა, ეს სტრატეგია გიორგი გახარიას გუნდმა ცალკე ყოფნით დაბლოკა.
თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.
"უპრინციპოები, უთავმოყვარეოები. 2020 წელს თქვეს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და არ შემოვალთო, შემდეგ შემოვიდნენ და ძლივს გავაგდეთ. მათ პრინციპი არ აქვთ, რასაც დაუკვეთენ, ისე მოიქცევიან.
ხელმოცარული დიპლომატი, სამადაშვილს ვგულისხმობ, ამბობდა ადგილობრივ არჩევნებში, არალეგიტიმურში, არ მივიღებ მონაწილეობასო, - ახლა რა შეიცვალა?! სალო, რა შეიცვალა?! ცესკო იგივეა, მმართველი პარტია ჩვენ ვართ, ირაკლი კობახიძეა პრემიერ-მინისტრი - ადგილობრივ არჩევნებში რატომ იღებ მონაწილეობას?!
დაგიკვეთეს თქვენმა პატრონებმა?! ამიტომაც ხართ იქ, სადაც ხართ და ასე იქნებით, სანამ უცხო ქვეყნის დაკვეთის მოლოდინში იქნებით, თქვენც, დანარჩენებიც, გახარიებიც, ეს წინააღმდეგობის პლატფორმის თვითმარქვია პრეზიდენტი, სიგიჟეებს რომ აკეთებთ.
ჯერ სად ხართ, თქვენ, თქვენი ამომრჩეველი მოგიღებთ ბოლოს, ვინც გადააგდეთ და აპამპულავეთ ამდენი ხნის განმავლობაში. ჩემი ხაბეც აბობოქრდება და ის ცალკე კონტროლკას მოგცემთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.