სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაში ბრალდებული გიგი უგულავას და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი მოსამართლის, ზვიად შარაძის მიერ ჩანიშნული სხვა პროცესი გახდა.
დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულების ვინაობა დადგინდა. მათ "თბილისი მოლთან" აქციის მიმდინარეობისას გზის გადაკეტვის მცდელობა ბრალდებათ. ამ საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების სახით გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს და კიდევ 3 პირს 5000 ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.
"მე არ დავიწყებ ამ კონკრეტული საქმის განხილვას, ის თავისთავად აბსურდულია, ისევე როგორც ამ დარბაზში და დარბაზებში ჩატარებული სასამართლოების უდიდესი უმრავლესობა, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა. ამ პროცესში მყოფი ქვეყნის გადარჩენა ერთადერთ რამეს შეუძლია - ეს არის საზოგადოების აბსოლუტური მობილიზება იმიტომ, რომ ეს არის გადამწყვეტი ეტაპი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის და ასევე საერთაშორისო ძალისხმევა, რომელიც უნისონშიც უნდა იყოს ქართული საზოგადოების ძალისხმევასთან. ეს არის დარჩენილი, გარედან სანქციები და შიგნიდან მაქსიმალური პრესინგი", - კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.