21 ივნისი 2026,   01:45
ვრცლად
სპეცოპერაცია "ობობის ქსელი," რომელიც წელიწად-ნახევრის წინ დაიგეგმა, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მეორე რაუნდამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდა - რა შედეგით დასრულდა სტამბოლში დღევანდელი შეხვედრა

"ბელაია," "დიაგილევო," "ოლენია" და "ივანოვოს" სამხედრო აეროდრომები - რუსეთის 4 ოლქში, მურმანსკში, ირკუცკში, ივანოვოსა და რიაზანში უკრაინამ სპეცოპერაცია "ობობის ქსელი" ჩაატარა.

სპეცოპერაციის შედეგად დაზიანდა 41 სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის, სტრატეგიული გამანადგურებლები, რაც რუსეთის სამხედრო ავიაციის სრული პოტენციალის დაახლოებით 34 პროცენტია. უკრაინული მხარის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის სატელეკომუნიკაციო ქსელით იმართებოდა.

ციმბირის ტერიტორიაზე არსებული ავიაბაზა ისტორიაში პირველად გახდა სამიზნე. ის რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 4 300 კილომეტრში მდებარეობს.

მოსკოვმა სპეცოპერაციას ტერაქტების სერია უწოდა, გამოძიება დაიწყო და სამხედრო აეროდრომებზე უკრაინული თავდასხმის ორგანიზებაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილზე ძებნაც გამოაცხადა. რუსეთი დონეცკში დაბადებულ 37 წლის არტემ ტიმოფეევს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

სანამ მოსკოვი ეჭვმიტანილს ეძებს და კიევს უმკაცრესი პასუხით ემუქრება, მსოფლიო უკრაინის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას უნიკალურს, ვოლოდიმირ ზელენსკი კი ბრილიანტს უწოდებს. ოპერაცია, რომლის შედეგად რუსეთმა 7 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო, წელიწად-ნახევრის განმავლობაში იგეგმებოდა და მას პირადად ზელენსკი აკონტროლებდა, აღსრულება კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეთაურს, ვასილი მალიუკს ჰქონდა დავალებული.

პარალელურად, უკრაინამ დაარტყა რუსეთის ბრიანსკის ოლქსაც, სადაც საავტომობილო ხიდი იმ დროს ჩაინგრა, როდესაც მის ქვეშ მოსკოვისკენ მიმავალ სამგზავრო მატარებელს უნდა გაევლო, შედეგად ის ხიდის ნანგრევებს შეეჯახა, ლოკომოტივი და ოთხი ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა და 7 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 70. რუსეთის საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება აფეთქების ფაქტზე დაიწყო.

სპეცოპერაცია "ობობის ქსელი" რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მეორე რაუნდამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდა. კრემლი გაბრაზდა, თუმცა დელეგაცია სტამბოლში მაინც გაგზავნა და მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის პირისპირ საკუთარი პირობები დააყენა.

მოსკოვი და კიევი ცეცხლის შეწყვეტაზე ვერც ამჯერად შეთანხმდა. ერთმანეთს გადასცეს სამშვიდობო გეგმის საკუთარი ვერსიები და მოლაპარაკების პირველი რაუნდის მსგავსად, შეთანხმდნენ ტყვეების გაცვლაზე.

შეთანხმება შედგა დაღუპულ სამხედროებთან დაკავშირებითაც - რუსეთი უკრაინას 6 000 ჯარისკაცის ცხედარს გადასცემს. მოლაპარაკების მაგიდასთან ორივე მხარეს ისევ ჰქონდა მოთხოვნები - მოსკოვმა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან უკრაინის ჯარების გაყვანა კვლავ მოითხოვა. კიევმა კი, 339 ბავშვის სია წარადგინა, რომლებიც უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა დააკავა. უკრაინა მათ სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს.

მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ მოლაპარაკების მესამე რაუნდისა და პრეზიდენტების შეხვედრის აუცილებლობაზე.

დღის ამბები