საქართველოდან ჯერ გაქცეული და შემდგომ დაკავებული ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ 8 ათასზე მეტი ბიტკოინი ბიძინა ივანიშვილისთვის არ მოუპარავს. ამბობს, რომ ქართულ მართლმსაჯულებას არ ენდობა, თუმცა ამავე დროს მისი დაკავების დეტალების გამოძიებას სთხოვს. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მტკიცებით, მისი დაპატიმრება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევით მოხდა. ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში "აირზენას" კუთვნილი თვითმფრინავით უკანონოდ შემოიყვანეს.
ბაჩიაშვილის დაკავების დეტალებზე საგამოძიებო ორგანოსთვის მიმართვას აპირებს მისი უფლებადამცველიც. დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას ელოდება. მტკვარი ჰესის საქმეზე, კი პროკურორის თქმით, ყველა გარემოება ადასტურებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა სამსახურებრივი გულგრილობით ინვესტორს მილიონობით დოლარი აზარალა.
მსჯავრდებულ ბაჩიაშვილს მალევე გამოეხმაურა საქართველოს ავიახაზები. "აირზენამ" სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საერთაშორისო კონტროლის სტანდარტებითა და მექანიზმებით მოქალაქის არაკანონიერი გზით ბორტზე მოხვედრა შეუძლებელია.
გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს რომ პოლიტიკური მდგენელი არ გააჩნია, ამაზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მასშტაბურ თაღლითობასა და ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებული ახლა, დევნილის მანტიის მორგებას ამ ფორმით ცდილობს.
2 მილიარდამდე ლარის მითვისების გამო მსჯავრდებულის საქმეში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ საქართველოდან რუსული პასპორტით გაქცეული გიორგი ბაჩიაშვილი, დასავლური პოლიტიკური შეხედულებებისთვის ისჯება.
ოპოზიცია ორმაგი სტანდარტით მოქმედების გამო გააკრიტიკა დღეს პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას ბაჩიაშვილის საქმის სამართლებრივი დეტალებიც შეახსენა და მის პოლიტიზებაზე განცხადებებს სპეკულაციური უწოდა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი დაკავების შესახებ სუს-მა ინფორმაცია 27 მაისს გაავრცელა. გიორგი ბაჩიაშვილი ე.წ. მწვანე ზონაში, სადახლოსთან აიყვანეს, მას ბიტკოინების საქმეზე 11 წელი უკვე მისჯილი აქვს. ამჟამად, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, პროცესები, მტკვარი ჰესისა და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეებზე მიმდინარეობს.