21 აგვისტო 2026,   19:28
ვრცლად
საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი და ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება - როგორ აფასებენ საქართველოში ვაშინგტონიდან მიღებულ წერილს

საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი და ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება - ვაშინგტონიდან მიღებულ გზავნილებს პარლამენტის თავმჯდომარე პოზიტიურ სიგნალს უწოდებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტრამპის მიზნები საქართველოს ხელისუფლების ხედვებს ემთხვევა. ამერიკის პირველმა პირმა, საქართველოს პრეზიდენტს წერილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოუგზავნა.

დონალდ ტრამპის წერილს განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ შტატებთან სტრატეგიულ და პარტნიორულ კავშირებს კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება. ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილისთვის კი, ამერიკის პრეზიდენტის წერილის შინაარსი მისასალმებელია და ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთა მმართველი გუნდისთვის ქვეყნის ინტერესების დაცვაზე გადის. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის იმ ნიშნულზე დაბრუნებაა, რომელიც მათივე შეფასებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამდე იყო.

დონალდ ტრამპის წერილი პრემიერ-მინისტრისთვის იმის დადასტურებაა, თუ რა პოზიცია აქვს ახალ ადმინისტრაციას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მთავრობის მეთაურმა პარალელი გაავლო შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილსა და რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილს შორის.

სახელისუფლებო გუნდი, ამერიკის შეერთებულ შტატებს პარტნიორობის განახლებას კონკრეტული გზამკვლევით სთავაზობს, სადაც პრემიერ - მინისტრის განცხადებით, ორივე ქვეყნისთვის მისაღები სარგებელი იქნება ასახული.

დღის ამბები